ქართველი დაჭრილი სამხედროები საერთაშორისო ტურნირზე

საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებაში – მარშირება რთულ რელიეფზე, მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ. მარშირებაში რთულ რელიეფზე მონაწილეობას 7 ქართველი სამხედრო მიიღებს. ტურნირში ჩართვისთვის მათ ინტენსიური მომზადება გაიარეს. ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი აღნიშნულ ღონისძიებაში მეხუთედ მონაწილეობს. გასულ წლებში მათ წარმატებით იასპარეზეს და არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ღონისძიება  6-12 ივნისს შოტლანდიის ქალაქ პერზირში გაიმართება. სპორტულ ღონისძიებაში ქართველი სამხედროების გარდა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების ათასზე მეტი წარმომადგენელი ჩაერთვება.