„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს ქსენოფობიური განცხადებებისგან გამიჯვნას ურჩევს. ირაკლი კობახიძის თქმით, ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა ქართული კულტურის ნაწილი და ამ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ერთადერთი მიზანი, ომში საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ პარტიებს, მათივე კუთვნილი მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მარტის დასაწყისში, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია ჰქონდათ, ეს კი ამ კამპანიის მეორე ტალღაა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განმარტავს, რომ მაშინაც და ახლაც აღნიშნული პირები ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. რაც, მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას დღეს ის ადამიანები ითხოვენ, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს.