„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი
„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის ადრესატები პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ. „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“ მმართველი გუნდის მიერ ამ სამი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვის თაობაზე სარჩელს დიქტატურად აფასებს. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ახლებში“ ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ გადაწყვეტილი, ეყოლებათ თუ არა იურისტი მოპასუხის სახით, თუმცა, ზუსტად იციან, რომ ქუჩის პროტესტს გააგრძელებენ. რაც შეეხება „ლელოს“, მათ პარტიების აკრძალვის საკითხი სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ განმარტა, თუ ვის შეეხებოდა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ჩამონათვალშია „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“ და „ლელო“. მოთხოვნას „ქართული ოცნება“ 500-გვერდიანი დასკვნით ამყარებს, რომელიც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოამზადა.
„ქართულ ოცნებაში“ აღნიშნულ პროცესს ისტორიულ მომენტს უწოდებენ და განმარტავენ, რომ სარჩელი ორი ძირითადი კრიტერიუმისგან შედგება. პირველი – რამდენად ანტიკონსტიტუციური იყო კონკრეტული პარტიის ქმედება და მეორე – რამდენად შეეძლო დაეზიანებინა მას ქვეყანა. მმართველ გუნდში განმარტეს ისიც, თუ რატომ არ მოხვდა ასაკრძალ სიაში „გახარია-საქართველოსთვის“. უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ეს პარტია ოთხი ოქტომბრის მოვლენებს გაემიჯნა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო.