„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი
ასაკრძალი პარტიების რიცხვს კიდევ ერთი დაემატება.
ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის აკრძალვასაც სთხოვს. შესაბამისად, თვეების წინ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის კორექტირება უკვე მეორედ ხდება. პარტიას, რომელმაც, სხვა ასაკრძალი ძალებისგან გასხვავებით, საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა, ერთი წლის წინ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, მმართველი გუნდი დესტრუქციულ ქმედებებში და კონსტიტუციური წყობილების არ აღიარებაში ადანაშაულებს. თავის მხრივ 2021 წელს შექმნილი პარტია გადაწყვეტილების მიღმა საპარლამენტო ოპოზიციის გაქრობის სურვილს და მწვავე ოპონირების შიშს ხედავს. თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ხუთ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მეორე და მესამე ადგილზე გასულ პარტიებს, პოლიტიკური საქმიანობის უფლება აეკრძალებათ. „ქართული ოცნების“ გეგმას დღეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა ქვეყნიდან წასული და გერმანიაში მყოფი ექს-პრემიერი. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში ხელისუფლება ყოფილ თანაგუნდელებს მანამდეც ადანაშაულებდა, თუმცა თავის დროზე ასაკრძალთა სიაში გახარიას გუნდის არ შეყვანას საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტით ხსნიდა.
რა შეიცვალა ბოლო ერთ წელში – მანანა დევაძე დეტალებით.