„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შეკრებებზე სახის დაფარვა აეკრძალებათ. ასევე შეზღუდვები პიროტექნიკის გამოყენებასაც შეეხება. პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები უნდა დადგინდეს, ნაწილის ამოქმედება 2025 წლის პირველი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილის პირველი აპრილიდან.

აიკრძალება მანიფესტაციის დროს პიროტექნიკის ქონის უფლება, პიროტექნიკური ნაწარმი დაემატება აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა – ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი. კანონპროექტის თანახმად, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციებით ხელისუფლება საპროტესტო მუხტის განელებას ცდილობს.