„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა    

მმართველი გუნდის ინიციატივით, მიმდინარე კვირაში დაინიცირდება ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი, სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ვერსია. ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციას და ფინანსური გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებით და ინტერესებით მოქმედებენ. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ გაუქმდება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ამერიკული ფარას გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ოპოზიციაში კი ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიებს უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ სიცრუეში ადანაშაულებენ და „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების პროცესსა და მმართველი გუნდის მაშინდელ განმარტებებს ახსენებენ.