„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გუშინდელი განცხადება კვლავ განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციის წარმომადგენლები სკეპტიკურად აფასებენ განცხადებას და განმარტავენ, რომ როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ვიზალიბერალიზაციის საკითხი, ამ დროს ხელისუფლება არ უნდა ლაპარაკობდეს, რომ ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანდება. ამასთან ერთად, პოლიტიკური განცხადებები კეთდება ომისა და მშვიდობის კონტექსტითაც და ხელისუფლების ოპონენტები ომის სურვილში, თავად მმართველ გუნდს ადანაშაულებენ. თავის მხრივ, სახელისუფლებო პარტიაში კი იხსენებენ ფაქტებს იმის შესახებ, თუ როგორი მუშაობა იყო, რომ საქართველო ომის ქარცეცხლში არ შესულიყო.
გუშინ „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 13 წლის თავზე პოლიტსაბჭოს განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარია, რომ საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას, ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება და ამასთან ერთად, აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთადერთი პარტიაა, რომლის მმართველობის დროსაც ომი არ დაწყებულა.