„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს: ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ვკითხულობთ წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას, „უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში „დიფ სთეითის“ განადგურების შესახებ. ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“. ფაქტია, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სთეითი“ ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე წერილის თანახმად, „დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში ლგბტ-პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითაც „ქართული ოცნების“ შეფასებით, საქართველოსაც ემუქრებიან. „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში – ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი,“ – წერია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.