„ქართული ოცნების“ მმართველობის 14 წელი 

21:25, 01.10.2026

14 წელი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან.

2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დასრულდა და არჩევნებზე მისულთა 55%-იანი მხარდაჭერით ქვეყნის მართვის სადავეები ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა და რამდენიმე პარტიისგან შემდგარმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა. ეს იყო გამორჩეული თარიღი ქვეყნისთვის, რადგან არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა პირველად მოხდა. კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების გზები მოგვიანებით გაიყო, არაერთხელ შეიცვალა სამთავრობო თუ საკანონმდებლო გუნდის შემადგენლობაც. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას უკვე მეოთხე ვადით მართავს. 12 წლისთავზე ხელისუფლება მთავარ მიღწევებად მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას, ეკონომიკური განვითარების მზარდ მაჩვენებლებს და სუვერენიტეტისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას მიიჩნევენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლსა და წვლილზე. ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას წინ მძიმე მოვლენები, ციხიდან გავრცელებული სკანდალური კადრები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ მზარდი პროტესტი და არაერთი პოლიტიკური კრიზისი თუ მასობრივი გამოსვლები უძღოდა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის ყველა მცდელობა 2011 წლამდე უშედეგოდ სრულდებოდა. 2012 წლის არჩევნებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე გავრცელებულმა წერილმა ვითარება რადიკალურად შეცვალა.

მსგავსი