„ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება, დღეს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, აკრძალოს პარტია, რომლის საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია, მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ამით სახელმწიფო სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება.