„ქართული ოცნების“ ინიციატივა

მმართველი გუნდი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ამკაცრებს. ცვლილებები შედის რვა კანონში. ახალი რეგულაციები ამოქმედდება დახურულ სივრცეში აქციების ჩატარების დროს, ცალკეულ ქმედებებზე იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები, მკაცრი სანქციები ამოქმედდება საჯარო მოსამსახურის თუ სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, ჯარიმის ნაცვლად პატიმრობით დაისჯება ძალადობრივი ქმედებების საჯარო მოწოდებებიც. პოლიციელებზე ძალადობის თუ მუქარის ფაქტებზე კი პატიმრობის ვადები გაიზრდება. საკანონმდებლო ცვლილებების არგუმენტად უცხო ქვეყნების დახმარებით ცალკეული ჯგუფების მხრიდან ხელისუფლების ცვლილების მცდელობები და ქვეყნის მართვისთვის სათანადო ბერკეტების ფლობა სახელდება. ოპოზიცია დაანონსებულ ცვლილებებს დიქტატურის გაფორმებად და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების პასუხად მიიჩნევს.