დღეს გაირკვევა, თუ რა დათქმებით ცნობენ ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. მონიტორინგის კომიტეტმა რეკომენდაცია შეიმუშავა, სადაც ნათქვამია, რომ ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება დროებით და კონკრეტული დათქმებით, შესაძლოა, 2025 წლის აპრილამდე გაუგრძელდეს.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია რომ: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წამოიწყოს ინკლუზიური პროცესი; აღმოფხვრას საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ნაკლოვანებები და შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მომდევნო თვეებში გამოცხადებული ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. დაუყოვნებლივ შეწყვეტს პოლიციელების მხრიდან ადამიანებზე ძალადობას, სრულად დაიცავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და 2025 წლის აპრილის სესიამდე გაათავისუფლებს ყველა პოლიტპატიმარს. სწორედ ამ რეზოლუციის პროექტზე გამართავენ დებატებს სესიაზე ევროსაბჭოს წევრები და დღის ბოლოს კენჭს უყრიან დოკუმენტს.
დოკუმენტში ცვლილებებს ითხოვს ქართული საპარლამენტო დელეგაცია, შესაბამისი შესწორებები უკვე დაარეგისტრირეს, მათ შორის ერთ-ერთი შესწორებით დელეგაცია საუბრობს, რომ არ არსებობს ახალი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი. სესიაზე განიხილავენ როგორც კომიტეტის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ისე მმართველი გუნდის მიერ დარეგისტრირებულ შენიშვნებსაც.