ევროპარლამენტში ინიცირებულმა წინადადებამ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი კიდევ ერთხელ გაააქტიურა.
პოლიტიკური ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“ ვიცე-პრეზიდენტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას აპირებს და ხელმოწერებს აგროვებს. უნგრელ დეპუტატს კითხვები აქვს ევროკავშირსა და ათეულ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით და შესაბამისი მონაცემების დეტალურად გამოქვეყნებას ითხოვს. ევროკომისიიდან გამოთხოვილ და გამოქვეყნებულ მასალებში ბრიუსელიდან საქართველოს მესამე სექტორისთვის გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციაც იძებნება. მონაცემების გასაჯაროებამ ხელისუფლების ტონი კიდევ უფრო გაამწვავა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რევოლუციის მოწყობის მცდელობასა და დაფინანსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. და ეს მაშინ, როცა ბრიუსელიდან არაერთხელ ითქვა, რომ საქართველოში ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების ფონზე ევროკავშირმა დაფინანსება მთავრობიდან სწორედ სამოქალაქო სექტორისკენ უნდა მიმართოს.