ბაბუისა და შვილიშვილის ემოციური ისტორია და საფოსტო წერილებით გაზიარებული ამბები – რეჟისორ ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი ერთმანეთისგან შორს მყოფ ახლობელ ადამიანებზე და წერილებით ურთიერთობაზე გვიყვება. „წერილით და სიყვარულით“ – ასე ჰქვია ანიმაციას, რომელმაც საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა. ქართველი რეჟისორის ნამუშევარი ათასობით ფილმიდან 35 საუკეთესო ანიმაციას შორის მოხვდა და მას ანესის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოადგენენ.
საერთაშორისო აღიარებას წინ საკმაოდ რთული პროცესი უძღოდა. თვენახევრის განმავლობაში, შვიდი ადამიანი ანიმაციის თითოეულ დეტალზე განსაკუთრებული ყურადღებით მუშაობდა. საბოლოო პრუდუქტს უცხოელი აუდიტორია მიმდინარე წლის ზაფხულში იხილავს. პარალელურად ჯიბის სტუდიის შემოქმედებითი გუნდი მაყურებელს ახალ პროექტებსაც უმზადებს.