„ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის ფარგლებში, ტრენინგ-სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ გახსნა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის სამდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ქალბატონებისთვის გაიმართა. თეა ახვლედიანმა მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე, ხაზი გაუსვა მათი განხორციელების პროცესში ქალების აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრი მონაწილეებს უწყების საქმიანობის შესახებ ესაუბრა და სამომავლო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, ინტერაქციული დისკუსიებისა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების ფორმატში დაგეგმილი პროგრამა, მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმაონ ცოდნა და სამოქალაქო უნარები, მაღალკვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამოქალაქო თანასწორობა, მედია-წიგნიერება, ადამიანის უფლებები და ციფრული მოქალაქეობა და სხვა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.