პურის კონკრეტულ ასორტიმენტზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა – ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მალხაზ დოლიძე პროდუქტის გაძვირების მთავარ მიზეზად, თანამშრომელთა ხელფასების ზრდას, დანადგარების მოვლა-პატრონობაზე გაწეულ ხარჯებსა და წინა წლებთან შედარებით, ფქვილის გაძვირებას ასახელებს. ამასთან, დოლიძის თქმით, ე.წ ყოველდღიური მოხმარების ქვის პური, ორმა კომპანიამ გააძვირა – „იფქლი გლდანმა“ და „იფქლი დიღომმა“, სხვა კომპანიები კი ძველ ფასებს ინარჩუნებენ. პურის მცხობელთა ასოციაციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ სხვა პროდუქტებთან შედარებით, ქვეყანაში პურს ყველაზე სტაბილური ფასი აქვს. ფქვილის გაძვირების არგუმენტს არ ეთანხმებიან „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში“. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ბოლო თვენახევარია, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება სტაბილურია და ორი კომპანიის მიერ პურის გაძვირება, მხოლოდ მათ დანახარჯებს უკავშირდება.