პროკურატურის შუამდგომლობით, კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმე გადაისინჯება
პროკურატურის შუამდგომლობით, კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმე გადაისინჯება, დაზარალებულ მოქალაქეებს კი უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ. პოლიტპატიმარ ლევან გორგიაშვილის საქმე გადაისინჯება, მოქალაქე სამსონ კილაძეს კი უკანონოდ ჩამორთმეული დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება, ხოლო ერთი მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ლევან გორგიაშვილი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის წევრი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008-2009 წლებში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, რის გამოც უცნობი პირებისგან ხშირად იღებდა სატელეფონო მუქარებს.
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური პროცესებიდან მისი ჩამოცილების მიზნით, სამართალდამცავების მიერ გამოგონილი ბრალდებით, ლევან გორგიაშვილის დაკავება დაიგეგმა. მას შარვლის ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ჩაუდეს. საპატიმრო დაწესებულება მან 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ დატოვა.
გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, 240 დაზარალებულ მოქალაქეს უკვე დაუბრუნდა დაახლოებით 47 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო და სასტუმრო კომპლექსები და მიწის ნაკვეთები.