პროკურატურის განცხადება – გამოხმაურება

18:01, 03.09.2026

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, – ამის შესახებ, საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, საქმეზე გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. „მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე და გიორგი გიგაური. სისხლის სამართლის აღნიშნულ საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი. – ნათქვამია განცხადებაში. დღეს საგამოძიებო უწყებაში ნიკა გვარამია და გია ხუხაშვილი მივიდნენ. მათი თქმით, გარდაცვლილს არ იცნობდნენ და მათ მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკური იყო. ასევე, მოწმის სტატუსით გამოიკითხა გიორგი გიგაურიც. პარალელურად, აღნიშნულ პირთა ნაწილი მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვის ჩანიშვნას ელოდება.

მსგავსი