პროკურატურის განცხადება

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად, დამატებით ერთკვირიანი ვადა მიეცემა.

გირაოს თანხის გადაუხდელობის, ან გირაოს თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფის შემთხვევაში კი ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია დღეს დაიბარეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც საკმარისია გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე მის მიერვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, დეკემბერში გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს უზრუნველსაყოფად, ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა და გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, არ გადაიხადა, ასევე არ უზრუნველყო გირაოს თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.