პროკურატურამ სამ მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა

21:45, 12.10.2026

საქართველოს პროკურატურამ ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე სამ მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. სამივე მათგანი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან შემოწმების მიზნით მისულ ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილეს. 4 ოქტომბერს კი ორი ბრალდებული თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს. (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა” ასეა ფორმულირებული ბრალდება, რომელიც სასჯელის ზომად 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე  ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და მისი ოჯახი, რომელიც ციხის თანამშრომლებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, აცხადებდნენ, რომ დღეს ბრალდებული სამი მსჯავრდებული დეესკალაციის საკანში დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო გადაიყვანეს. პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდება კატეგორიულად უარყო და გაავრცელა კადრები, რომელიც მსჯავრდებულების მიერ ციხის თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას ასახავდა. უწყებამ განმარტა, რომ პატიმრები დეესკალაციის ოთახში სწორედ დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გადაიყვანეს.

მსგავსი