პრეზიდენტის ვიზიტი ლიეტუვაში

ლიეტუვაში გუგუტიანთკარში დაწყებული უკანონო სამუშაოები დაგმეს. სალომე ზურაბიშვილი ლიეტუველმა კოლეგამ მიიღო. გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას დაეთმო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის გამოსვლა კონფერენციაზეც, რა დროსაც პრეზიდენტმა რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და ევროპას მოუწოდა, მოსკოვი დაარწმუნოს, რომ მუქარის და ძალის გამოყენებაზე უარი თქვას.

„მცოცავი ოკუპაციის პრობლემაზე შორიდან თუ ახლოდან მხოლოდ ყურება სიტუაციას არ შეცვლის“,- ასეთი იყო სალომე ზურაბიშვილის გზავნილი.

ლიეტუვას პირველმა პირმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა და განსაკუთრებული აქცენტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე გააკეთა. დასახელდა კონკრეტული სფეროც, რომლითაც ლიეტუველი ბიზნესმენები არიან დაინტერესებული.