პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი შეიცვალა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, მაღალი კვორუმის გამო ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცესს მიზანმიმართულად ბლოკავდა და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების, ჩვეულებრივი უმრავლესობით, 76 ხმით დამტკიცებაა. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ევროპული პრაქტიკა მაღალი კვორუმით ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევას არ იცნობს და ოპონენტების მიზანი ცესკო-ში ინსტიტუციური კრიზისის ხელოვნურად შექმნაა. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ოპოზიცია. მათი შეფასებით, ერთპარტიულად ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა იმის დასტურია, რომ ქართული ოცნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ვეტოს დაძლევით „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს, ცესკო-ს მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს და კანდიდატების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის როლს ზღუდავს.