პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში - შეფასებები

პრეზიდენტის კრიტიკა მმართველი გუნდის და ოპოზიციის მისამართით საპარლამენტო ტრიბუნიდან.

სალომე ზურაბიშვილის წლიური საპარლამენტო მიმართვა მთლიანად უკრაინის წინააღმდეგ ომს და ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე საუბარს დაეთმო. სხდომათა დარბაზში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად შესული პრეზიდენტის გამოსვლა რუსეთის მიერ დაბომბილი ობიექტების ჩვენებით დაიწყო. პრეზიდენტმა დღეს მთელ პოლიტიკურ სპექტრს უთხრა, რომ ქართული საზოგადოება ამ მძიმე დროს მასზე შეგნებული და მამაცი აღმოჩნდა. „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილმა არასაკმარისი საგარეო პოზიციონირების და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების, ოპოზიცია კი საგარეო ასპარეზზე ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ ქმედებების გამო გააკრიტიკა. ტრიბუნიდან ითქვა ისიც, რომ 26 თებერვალს მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს საერთაშორისო აქტივობები შეუზღუდა. ოპოზიციის ერთი ნაწილისგან გასხვავებით, საყვედურები და კრიტიკა ადრესატებისთვის გაუგებარია. საპარლამენტო უმრავლესობა არც იმას გამორიცხავს, რომ თებერვლის ბოლოს ევროპის ქალაქებში გამართული შეხვედრებით პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.