უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკმაყოფილოა პრეზიდენტი.
„ქართულმა ოცნებამ“ ომის წლისთავზე სალომე ზურაბიშვილისგან მორიგი კრიტიკული გზავნილი მიიღო. სახელმწიფოს მეთაურის პოზიციაა, რომ ქვეყნის მთავრობამ დემოკრატიული თანამეგობრობისგან თავი იზოლაციაში მოიქცია. პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლისთავზე კიევში არ ჩასვლის გამოც საყვედურობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სალომე ზურაბიშვილი ომში მყოფი ქვეყნის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას ნეგატიურად აფასებს. თუმცა, წინა გამოსვლებისგან გასხვავებით, შეფასებებში ამჯერად თავშეკავებული იყო მმართველი გუნდი, რომელმაც პრეზიდენტს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატული მხარდაჭერა და კონკრეტული რეზოლუციები შეახსენა. კიევში არ ჩასვლის გამო შენიშვნა არ მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემაც.