პრეზიდენტის განცხადება ვაქცინაციასთან დაკავშირებით – გამოხმაურება
„საქართველოში გარკვეული ჯგუფებისათვის აცრა სავალდებულო უნდა გახდეს“ – ასეთია პრეზიდენტის პოზიცია. სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე გეგმა დაასახელა, რამაც მისი მოსაზრებით, ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას, მათ შორის არის რისკ-ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია, კოვიდპასპორტების შემოღება და ფასიანი მკურნალობა აუცრელი პირებისთვის. პრეზიდენტი გართულებულ ეპიდვითარებაზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოსაც აკისრებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის აქტიური კამპანია უნდა დაიწყოს. „ეკლესია ვაქცინაციას არ ეწინააღმდეგება“ – აცხადებს პრეზიდენტის საპასუხოდ მამა გიორგი ზვიადაძე. მისივე თქმით, მიუხედავად საპატრიარქოს გაცხადებული პოზიციისა, ადამიანმა აცრის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ცალკეული სასულიერო პირების ანტივაქსერული მოწოდებები არასწორი და მიუღებელია.