საქართველოს ახალ პრეზიდენტს კოლეგიის 300 წევრი 14 დეკემბერს აირჩევს. პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. პარლამენტს საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა. არჩევნების 14 დეკემბერს ჩატარებას მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ. ამასთან, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება. ახალი წესის თანახმად, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები, 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება არჩევა.