პრემიერის წერილი 

ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ვრცელ წერილს აქვეყნებს. „სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიფ სთეითის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად იყენებს მედიას, მონოპოლიზებული მედიის წყალობით, მარტივად შეუძლიათ, ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნან,“ – ვკითხულობთ განცხადებაში. მადლობა უნდა გადავუხადოთ ტულსი გაბარდს „დიფ სთეითის“ მხილებისთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. „ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი“. დისკრედიტაციის კამპანია „დიფ სთეითის“ მიერ იყო ორგანიზებული. ანალოგიურ კამპანიას ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. ამ კამპანიაში „დიფ სთეითს“ ჩართული ჰყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი.

„დიფ სთეითის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის. საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ. ამგვარ პროპაგანდას არ სჭირდება არავითარი ფაქტები. მთავარია, პროპაგანდა იყოს ტოტალური და გზავნილი რაც შეიძლება მეტმა აგენტმა გაიმეოროს.

უკვე წლებია, „დიფ სთეითის“ ანალოგიურ  პროპაგანდას ებრძვის უნგრეთის ხელისუფლება, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ატარებს, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ებრძვის და მშვიდობის მხარეს დგას, ის პრორუს პოლიტიკოსად შერაცხეს. აქაც დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია“, – წერს ირაკლი კობახიძე.