პრემიერის წარმომადგენლის შეხვედრა რუსულ მხარესთან – შეფასებები
„რუსეთის მხარეს ჰქონდა თითქოს უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული“, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გიორგი ზურაბაშვილმა ,,იმედი live”ის ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, რუსეთის მხარემ მინსკში გამართულ შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოს და, უვნებელია. ზურაბაშვილის აღნიშნულ განცხადებას ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ბენეფიტი მხოლოდ რუსეთში ბიზნესის მქონე ხალხმა მიიღო. შედეგად კრემლის მხრიდან ზეწოლას ასახელებენ და პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. მმართველ გუნდში კი – არ უკვირთ აღნიშნული განცხადებები, რომელიც მათივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის წერილებს საეჭვოდ ემთხვევა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ზურაბაშვილმა მინსკში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა გამართა.