პრემიერის სამძიმარი ნუგზარ შარიას ოჯახს
81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს. ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“. 1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარი ითხოვა და მალე „რადიო თავისუფლების“ პარიზის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1971 წელს, ის ნიუ იორკში გადავიდა და „ამერიკის ხმაში“ გააგრძელა მუშაობა. ასევე, ლექციებს კითხულობდა კინორეჟისურაში ნიუ იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. სამძიმრის წერილს ავრცელებს საქართველოს პრემიერიც: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო. ბატონმა ნუგზარმა არაერთი დაუვიწყარი როლით შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კინოხელოვნების ისტორიაში. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ნუგზარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.