პრემიერის განცხადებები – პოლიტიკური შეფასებები
პრემიერ-მინისტრის განცხადებები ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპონენტებს მიუთითებენ, რომ სახელმწიფოები პარტნიორებთან მხოლოდ საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით მოქმედებენ და საერთაშორისო პოლიტიკაში ეს ფუნდამენტური პრინციპი გეოპოლიტიკური ფაქტორების ცვლილების მიუხედავად, არ იცვლება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები სხვა ქვეყნების კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ თემაზე – რა უნდა იყოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საგარეო ურთიერთობებში, როდესაც ყველა ქვეყანა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს – ბრიფინგი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ გამართა და საკითხის ისტორიული რაკურსით განმარტებაზეც სწორედ ამ ბრიფინგზე ისაუბრა.