პრემიერის განცხადება

მასშტაბური სამოქალაქო პროტესტის მე-40 დღეს, რუსთაველის გამზირზე შობის დღესასწაულის აღნიშვნას პოლიტიკური განცხადებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე. „ქართული ოცნების“ ლიდერი შარშან ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის განცხადებას აზიარებს და წერს: „შარშან, შობა დღეს, როდესაც ფსევდოლიბერალები 7 იანვარს მართლმადიდებლური წესით აღნიშნულ შობის დღესასწაულს დაესხნენ თავს, მე მათ ვუსურვე, ჭეშმარიტებას ზიარებოდნენ. მიხარია, რომ ჩემი ნატვრა, მართალია ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ახდა“. კობახიძე ასევე წერს: „ფსევდოლიბერალებს 7 იანვარს შობის აღნიშვნის წინააღმდეგ წელს სიტყვაც არ დასცდენიათ და დღესასწაულისთვის, შარშანდლისგან განსხვავებით, არც „რუსული შობა“ უწოდებიათ“. „პოლიტიკურმა დღის წესრიგმა, ფსევდოლიბერალებისკენ ფართო საზოგადოების გულის მოსაბრუნებლად, მათი მოჩვენებითი „მოქცევა“ მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ფსევდოლიბერალების ეს ყალბი ფერისცვალება მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი და, ამდენად, სრულიად ყალბი და მოჩვენებითია, ის მაინც საზოგადოების ჯანსაღი უმრავლესობის გამარჯვებად უნდა შეფასდეს. ზუსტად ასევე, თუნდაც მოჩვენებითად და პოლიტიკური დღის წესრიგის კარნახით, ფსევდოლიბერალები უნდა ვაიძულოთ, საჯაროდ დაგმონ ლგბტ პროპაგანდა და ე.წ. პრაიდი და მოიწონონ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ!“ – წერს კობახიძე.