პრემიერის გამოსვლა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე

საქართველოს პრემიერის რეზონანსული მიმართვა კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან.

ქვეყნის ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესებით და საგარეო პოზიციონირებით ამჯერად ბრატისლავაში დაინტერესდნენ. გლობალური უსაფრთხოების სამიტის თემატურ პანელზე ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით კრიტიკული შეკითხვებიც დაისვა. მთავარი ინტერესის ობიექტი უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ავიამიმოსვლის აღდგენა იყო. ევროპელ პარტნიორებს პრემიერ-მინისტრმა ახლა სლოვაკეთიდან შეახსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და ჰკითხა, რატომ არ დაუწესეს მაშინ რუსეთს სანქციები. მოსკოვთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობების გაგრძელებაზე დასმული შეკითხვის პასუხად კი დაინტერესდა, რატომ არ წყვეტს სავაჭრო კონტაქტებს რუსეთთან ამერიკა და ევროკავშირი. რას აკეთებს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რა ნაბიჯებს დგამს დეოლიგარქიზაციისთვის, პოლარიზაციის დასასრულებლად და რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად – კითხვები დაისვა ბიძინა ივანიშვილზეც. დეპოლარიზებისთვის საჭიროა კანდიდატის სტატუსი – ასეთია პრემიერის გზავნილი. მწვავე შეკითხვების ავტორებს შორის იყო საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრი და ყოფილი ელჩი შოთა ღვინერიაც.

ბრატისლავაში დასმულ კითხვებს და პრემიერის მთავარ აქცენტებს გიორგი კობერიძე გაგვაცნობს, – „მოამბე“ სლოვაკეთიდან.