პრემიერი უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე - შეფასებები

ირაკლი კობახიძის განცხადებას, ბერლინში მიმდინარე ვიზიტისა და კონფერენციის ფარგლებში, თბილისში ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველომ უკრაინას დახმარება არაერთხელ გაუწია, როგორც ჰუმანიტარული, ასევე სამართლებრივი აქტების მხარდაჭერით. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ პრემიერის სიტყვებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფასი არ აქვს, რასაც შეერთებული შტატების სანქციებიც მოწმობს.

შეგახსენებთ, ბერლინში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციის მთავარი მიზანი უკრაინის რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა. განიხილება ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული ნაბიჯები. დისკუსიის მონაწილეებს სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატა.