პრემიერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. შეერთებულ შტატებში მთავრობის მეთაურის ვიზიტი 20-დან 25 სექტემბრამდე პერიოდში შედგება. გაერო-ს 76-ე სესიის გენერალური დებატები ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.

ირაკლი ღარიბაშვილი დებატების მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს. ცნობილია, რომ პრემიერი საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. შეერთებულ შტატებში ვიზიტისას დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

საქართველოს დელეგაციაში, საგარეო საქმეთა მინისტრი, განათლების მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შედიან.