ყაზახეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტი დასრულებულია.
პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს – ამ გზავნილით ბრუნდება ქართული დელეგაცია ასტანიდან. დღეს ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტმა მიიღო. განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის პროექტზე და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად ასათვისებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე გაკეთდა. ევროპის და აზიის დაკავშირების კუთხით საქართველოს ისტორიული ფუნქციის აღდგენას ქართული მხარე პრიორიტეტად მიიჩნევს და ამ კონტექსტში ყაზახეთთან ურთიერთობას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. უკვე მზად არის და ხელმოწერილია შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუქა, სადაც გაიწერა, თუ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს მომდევნო ორი წლის განმავლობაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და სატარიფო პოლიტიკის შესამუშავებლად. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება შუა დერეფნის მარშრუტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობების ზრდაა.