პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთში

ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ქართული სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა მის ყაზახ კოლეგასთან. პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. როგორც ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყაზახეთი მზადაა, გააძლიეროს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა. პრემიერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაფართოებულ ფორმატშიც იმსჯელეს, საუბარი შეეხო ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სავაჭრო სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას.

მხარეებმა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მზაობა გამოთქვეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას. შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარების, ინოვაციებისა და კოსმოსური ინდუსტრიის სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის რკინიგზებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს, ასევე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების 2023-2026 წლების საგზაო რუკას.