პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

ახალი ეტაპი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაში.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ადის. ჩინეთის პრეზიდენტმა დღეს საქართველოს პრემიერი მიიღო. ეს არის პირველი შემთხვევა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, როცა ჩინეთში ვიზიტი და შეხვედრები ასეთი წარმომადგენლობითია. განსაკუთრებული აქცენტი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე კეთდება. ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს წლებია, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს, ქართული პროდუქციის ექსპორტის გაფართოების მომხრეა. საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე მხარდაჭერა, პოლიტიკური ნდობის სიმყარე – იყო სხვა მნიშვნელოვანი გზავნილებიც. ქართული დელეგაცია სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც ელოდება. ვიზიტს უკვე უწოდეს ისტორიული. მოლოდინია, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება ჩინეთის მიერ 10 წლის წინ გამოცხადებული ინიციატივის, „სარტყელის და გზის“ პროექტის გარშემო, რომელიც აზია-ევროპა-აფრიკის ქვეყნებს შორის ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებას გულისხმობს.

„მოამბე“ ჩინეთიდან, – სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე შეხვედრებს ნოდარ ჩაჩუა აშუქებს.