პრემიერ-მინისტრის განცხადება

„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გააკეთა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. დებატი საშუალებას აძლევს საზოგადოებას მოისმინოს და გააანალიზოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა შეხედულებები და არჩევანი გააკეთოს იმ მხარის სასარგებლოდ, რომლის აზრიც უფრო მართებულად მიაჩნია. პრემიერის თქმით, არაფორმალური მმართველები ევროპული ქვეყნების დასაქვემდებარებლად, იარაღის ნაცვლად, ე.წ. რბილ მეთოდს, ხალხის ცნობიერებაზე იდეოლოგიურ და ინფორმაციულ ზეწოლას იყენებენ, ამ მიზანს კი, ჯანსაღი დებატები, ვითარების საჯარო კრიტიკა და ანალიზი პირდაპირ ეწინააღმდეგება. ასევე, როგორც ირაკლი კობახიძე წერს, ევროპული დემოკრატიის განადგურების მიზნით, არაფორმალურმა მმართველებმა წარმატებით ჩაახშეს განსხვავებული აზრი და დახურეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმები, სადაც ამ განსხვავებული აზრის გამოთქმა და საზოგადოებამდე მიტანა იყო შესაძლებელი.

როგორ აფასებენ პოლიტიკური ძალები პრემიერის ინიციატივას – ჯერჯერობით ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, უმრავლესობა კი, ირაკლი კობახიძეს ინიციატივას იწონებს და დროულს უწოდებს.