პრემიერ-მინისტრის განცხადება
პრემიერ-მინისტრი აქციის მონაწილეებს დისკუსიას სთავაზობს.
მთავრობის მეთაურის აზრით, ადგილი აქვს წაკითხულის და მოსმენილის არასწორად გაგებას. ირაკლი კობახიძე მზადაა, რომ ნებისმიერ ფორმატში საჯარო ან არასაჯარო დისკუსია გამართოს ყველა იმ ადამიანთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესი გააჩერა. პრემიერი ხაზს უსვამს, რომ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება და ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ყველა პუნქტი შესრულდება. ხელისუფლების პოზიციაა, რომ, თუ ევროკავშირიდან იქნება შესაბამისი შეთავაზება, საქართველო წევრობაზე მოლაპარაკებას დღესვე გახსნის. ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების გამო პრემიერმა კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მისამართით მისი მიმართვა სისხლის სამართლის დანაშაულის კონტექსტში შეაფასა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მთავრობის მეთაური უცხოეთიდან დაფინანსებულ კონსტიტუციურ წყობაზე თავდასხმად აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიციასთან დაკავშირებული ძალადობრივი ჯგუფები სამართალდამცავებს თავს ესხმიან.