პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში
პრემიერის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოსმენა ბოლო წლების საპარლამენტო ისტორიაში.
ირაკლი კობახიძის შვიდ საათიანი გამოსვლა სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით და ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები – მმართველი პარტიის და გიორგი გახარიას გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ. გახარიას პარტია გამოძიების დაწყებას ითხოვს. სწორედ ყოფილი პრემიერის გუნდი აქტიურობდა პოლიტიკური გამოსვლების დროს.
იყო ურთიერთბრალდებები 20 ივნისის მოვლენებზე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე” და რეზონანსულ საქმეებზე და მწვავე კრიტიკა განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართ. პრემიერ-მინისტრს დღეს საუბარი მოუხდა ბრიუსელთან გაუარესებული ურთიერთობის მიზეზებზე და ამერიკასთან შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის პერსპექტივაზე, ოკუპაციასა და რუსეთთან დამოკიდებულებაზე, ჩინეთთან კიდევ უფრო გაღრმავებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ბოლო წლების სადავო კანონებსა და რეფორმებზე. ხმაურიან გამოსვლებამდე დეპუტატებმა სამთავრობო პროგრამის წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც ყველა სფეროს შეეხო. ბოლო ერთი წლის მთავარ მიღწევებად ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და კორუფციასთან ბრძოლა დასახელდა – დღეს პრემიერმა ხელისუფლების ზედა ეშელონებში კორუფცია დაძლეულად გამოაცხადა.