პრემიერ-მინისტრი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე

21:15, 03.11.2026

საქართველოს პრემიერი ყველა სადავო თემაზე ევროკომისიას საჯარო დებატებს და დისკუსიას სთავაზობს. ირაკლი კობახიძე ბრიუსელში იმყოფება. ცოტა ხნის წინ მთავრობის მეთაურს ბელგიის დედაქალაქში გამართულ ფორუმზე მოდერატორის კრიტიკულ და მწვავე შეკითხვებზე მოუხდა პასუხების გაცემა. ეს არის ევრონიუსის მიერ ორგანიზებული გაფართოების სამიტი, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ექსპერტები მონაწილეობენ. რატომ შეჩერდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან წევრობაზე, რატომ არ ასრულებს ქვეყანა ევროკომისიის მწვავე შინაარსის დასკვნებში გაცემულ რეკომენდაციებს, რატომ აკრიტიკებენ ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ვინ არიან ევროპელი ბიუროკრატები და მსგავსი რიტორიკის და მოწოდებების არ გათვალისწინების ფონზე როგორ ესახებათ დიალოგის აღდგენა – ეს პრემიერ ირაკლი კობახიძის მისამართით დასმული კითხვების მხოლოდ ნაწილია. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, გეგმავს თუ არა დიალოგის აღსადგენად საქართველოს ხელისუფლება რაიმე ნაბიჯის გადადგმას და აპირებს თუ არა იმ კანონების გადახედვას, რომლებსაც ვენეციის კომისია ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა პარტიების აკრძალვის სარჩელიც. უსამართლო დამოკიდებულება, ორმაგი სტანდარტი, კანდიდატის სტატუსის და წევრობის საკითხის შანტაჟისთვის გამოყენება, ხელისუფლების შეცვლის მცდელობები, პოლიტიზირებული ანგარიშები – საქართველოს პრემიერმა 2022 წლიდან ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა, დასახელდა რამდენიმე წინაპირობა ევროკავშირთან დიალოგის გასაახლებლად.

მსგავსი