პოლონეთის პრეზიდენტმა ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა - ანდრეი სიბიგას პასუხი

პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის ქვეყნის პრემიერის თანხმობაა საჭირო. როგორც კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული კურსის ცვლილებას არ ნიშნავს. მისივე თქმით, პოლონეთი თანმიმდევრულად დაიცავს საკუთარი მოქალაქეების ხსოვნას, სახელმწიფო სიმბოლოების ღირსებას და „არ შეეგუება იმ პირების გმირებად წარმოჩენას, რომლებიც დაუცველ, მშვიდობიან პოლონელ მოქალაქეებს ხოცავდნენ“. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონური საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმია“, პირველ რიგში, იმ დაჯგუფებად რჩება, რომელიც პოლონელი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზეა პასუხისმგებელი. დონალდ ტუსკის პოზიცია კი ასეთია – პოლონეთსა და უკრაინას შორის დავა ვლადიმერ პუტინს ახარებს, პოლონეთის მოკავშირეებს კი შოკში აგდებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „სტრატეგიულ შეცდომად“ მიიჩნევს, რომლითაც სარგებელს მხოლოდ მოსკოვი იღებს. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, ანდრეი სიბიგა „პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ 2022 წელს მინიჭებულ ორდენზე უარს ამბობს და პოლონეთს უკან უბრუნებს. სიბიგამ იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და პოლონელები დაუბრუნდებიან თანასწორუფლებიან დიალოგს, რომელიც ქვეყნებს შორის მოკავშირეობრივ ურთიერთობებს შეესაბამება.