პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აპირებს, რომ ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე უკრაინის აღდგენის გეგმის შემუშავების საკითხი დააყენოს ე.წ. მარშალის გეგმის ანალოგიით. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება. მორავიეცკი ამბობს, რომ დღეს უკრაინაში სუფევს შიში, მაგრამ ასევე იმედი, რომ ომის შემდეგ სუვერენული სახელმწიფო აღდგება. „ეს იმედი რეალური ფუნდამენტით უნდა იყოს გამყარებული და ამის რეალური საფუძველი უკრაინისთვის არის „მარშალის გეგმა 2“ – განაცხადა მორავიეცკიმ. მისი თქმით, პირველ რიგში ამ გეგმას უნდა შეუერთდნენ უმდიდრესი ქვეყნები, რადგან სწორედ მათ „ჩაეძინათ იმ მომენტში“, როდესაც რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელი იყო. მორავიეცკის ინიციატივას მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.