პოლკოვნიკი გიორგი შენგელია

შესავლის მაგიერ

დღევანდელ რესპოდენტთან დაკავშირება ადვილი არ არის – ის აფრიკაშია, ბამაკოში, მალის რესპუბლიკაში, თუმცა, მისი ინტერვიუზე დათანხმება თბილისშიც ძნელი იქნებოდა. სიამოვნებით მოგიყვებათ მეუღლეზე და 4 შვილზე, უფროსი ქალიშვილის წარმატებებზე, ყველა იმ საყვარელ ნივთზე, რომელიც მის სახლში ინახება და მათ ისტორიებზე – იქნება ეს იმ სადარბაზოს სანათი, სადაც გაიზარდა თუ ქვედანაყოფის ძველი ემბლემა, რომელსაც მეთაურობდა, მაგრამ სამხედრო მიღწევებზე საუბარი უჭირს და მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ კარგად აკეთებს იმას, რაც იცის და რისთვისაც ოდესღაც ფორმა ჩაიცვა.

„პროფესია ჯარისკაცის“ პირველი  სტუმარი პოლკოვნიკი გიორგი შენგელიაა.

პოლკოვნიკი შენგელია მეგობარმა გამაცნო. სამხედრო სფეროში მომუშავე ჟურნალისტები არც თუ ისე ბევრნი ვართ და საერთო ნაცნობების წრეც, შესაბამისად, ვიწროა.  საღამო იყო და მის სახლში მივედით გაუფრთხილებლად. ისე წამიყვანა ჩემმა მეგობარმა, მეგონა, საკუთარ სახლში მივყავდი და ცოტა არ იყოს, ფეხს ვითრევდი. თუმცა, იქ მისულს ძალიან მალე დამავიწყდა რომ პირველად ვიყავი გიორგი შენგელიასთან, რომ ეს  ის პოლკოვნიკი შენგელიაა, რომელიც მასთან ნამსახურებ ყველა ჯარისკაცს უყვარს და რომელზეც კოლეგები თუ ჟურნალისტები, ყველა, ვისაც ის საქმის დროს უნახავს – უდიდესი პატივისცემით მოიხსენიებს.

პოლკოვნიკ შენგელიას სამხედრო კარიერა 1995 წლიდან დაიწყო. იმ თაობის მოზარდებს ომი უკვე ნანახი ჰქონდათ, ამ ომში ვიღაც დაკარგულიც ყავდათ. ახალგაზრდული სიჯიუტე და ბრაზი ბევრს ყელში ბურთად ეჩხირებოდა და ალბათ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ გიორგიმ ფორმის ჩაცმა ყველა სხვა კარიერას არჩია. თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში  (ასე ერქვა მაშინ დღევანდელ გაერთიანებულ სამხედრო აკადემიას) 4 წელი 90-იანების დასაწყისში საკმაოდ რთული გამოცდა იყო – ფიზიკურ დატვირთვას  აუტანელი ყოფითი პრობლემებიც ემატებოდა – წაგებული ომის ჯარისკაცებს არც საზოგადოება წყალობდა და არც სახელმწიფო ბიუჯეტი. თუმცა, გიორგი ჯიუტია და თუ რამე უყვარს, აუცილებლად გააკეთებს, აუცილებლად ემსახურება სამშობლოს და ეს იდეალები ამდენი წლის სამსახურის მერეც ცოტა არ იყოს, ბავშვურ ელფერს ატარებს …

ამბობენ, ცუდია ჯარისკაცი, ვინც გენერლობაზე არ ოცნებობსო. ძნელი სათქმელია, რაზე ოცნებობდა 90-იანელი კურსანტი, თუმცა, ზუსტად იცოდა ახლაც და დღესაც, რომ თუ გინდა  კარგი სამხედრო გახდე, პირველ რიგში სამშობლო უნდა გიყვარდეს. „ბოღმის, შურის, ამპარტავნების შენს თავში მინიმუმამდე დაყვანა უნდა შეგეძლოს. მოცემულ ადამიანთა ჯგუფში (ქვედანაყოფში), განურჩევლად ზომისა, გუნდური პრინციპით უნდა იცხოვრო. მე ვფიქრობ, სამხედრო იერარქიაში რა პოზიციაზეც არ უნდა იმყოფებოდე, რიგითი მეტყვიამფრქვევე თუ მაღალი რანგის ოფიცერი, უნდა იყო იმ მიმართულებაზე მოცემული გამოწვევის საუკეთესო გზით გადამჭრელი და არა პრობლემის შემქმნელი „ – გიპასუხებთ პოლკოვნიკი და მთელი მისი სამხედრო კარიერაც სწორედ ამის ნათელი მაგალითია.

საპარაშუტო მომზადება ( საქართველო, აშშ), აშშ-ის არმიის  პრეზიდენტ კენედის სახელობის სპეციალური ბრძოლების სკოლა (18A სპეციალური ძალების ოფიცრის კურსი,ფორტ ბრეგი, ჩრდილოეთ კაროლინა), აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტი, სამეთაურო საშტაბო კოლეჯი  (კვანტიკო, ვირჯინია) ,აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი, ომის კოლეჯი, ტერორიზმთან ბრძოლის კურსი  (კოლუმბიის ოლქი) ,აშშ-ის არმიის გენერალური ინსპექციის სკოლა, გენერალური ინსპექციის ძირითადი კურსი (ფორტ ბელვოირი, ვირჯინია), OIF II (“ოპერაცია თავისუფლება ერაყს”ბაღდადი, ერაყი 2004-2005), OIF III ( “ოპერაცია თავისუფლება ერაყს” ბაღდადი, ერაყი 2006-2008), ISAF  (საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალები, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, ჰელმანდის პროვინცია 2013) – ეს გიორგის სამხედრო სამსახურში განვლილი გზაა, და ყველაზე მეტად იმით ამაყობს რომ მიუხედავად ჩადებული შრომისა, როდესაც მისი მუნდირის ღირსება არ დაემთხვა მისი ზემდგომის ღირებულებებს, კარიერული წინსვლა დროებით შეაჩერა და ეს მუნდირი ცოტა ხნით გაიხადა. კარიერა კი ბევრად წარმატებული ექნებოდა რომ არა  „შესვენება“ : „კაპიტანი შენგელია დაუყოვნებლივ დაწინაურდეს ვიცე-პოლკოვნიკამდე“  – ამ რეკომენდაციით მიმართა ჯერ კიდევ 2005 წელს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშემ თავდაცვის მაშინდელ მინისტრს კაპიტანი შენგელიას შეფასებისას, თუმცა ეს რეკომენდაცია მხოლოდ პირად საქმესა და არქივებს შემორჩა.

დღეს პოლკოვნიკი შენგელია ისევ სამშობლოს სამსახურშია. ამჯერად 1 წლით ბამაკოში  საერთაშორისო მისიაში უწევს ქართული დროშის ტარება. „საერთაშორისო მისია მრავალმხრივი გამოცდილებაა, ბევრს სწავლობ, ბევრ ახალ ადამიანს იცნობ“ – გიპასუხებთ ის და ცდილობს ის სიმძიმე და მონატრება თავს არ მოგახვიოთ, რომელიც ასეთ მისიებს თან ახლავს, სამაგიეროდ, სიამოვნებით მოგიყვებათ თბილისელ სომეხი წარმოშობის მოხუცზე, რომელსაც სულ შემთხვევით 2006 წელს ქალაქ ირბილში, ერაყულ ქურთისტანში, ერთ-ერთი ამოცანის შესრულების დროს შეხვდა.

ბევრი შეიძლება ითქვას პოლკოვნიკ გიორგი შენგელიაზე, უფრო მეტს, ალბათ, მასთან ერთად ნამსახურები სამხედრო მოსამსახურეები მოგიყვებიან. თავადაც  ყველა ახსოვს, განსაკუთრებით ჯარისკაცები, თითოეულზე შეუძლია მოგიყვეთ. ყველაზე მტკივნეული მოგონება   2004 წლის  სამაჩაბლოშია, როდესაც მისი მეთაურობის ქვეშ ჯარისკაცები დაიღუპნენ. არც ის მეთაურები ავიწყდება, ვისთვისაც სამხედრო სალამი მიუცია. არცერთი არ შეურცხვენია და ამას თავად თუ არ იტყვის, ყველა ის მეთაური დაგიდასტურებთ, ვისთანაც უმსახურია და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი სამხედრო კარიერა, წოდება თუ მისიები ბევრი სამხედროსთვის მისაბაძია, ის ძალიან მოკრძალებით და ამაყად გეტყვით, რომ მისი პროფესია – ჯარისკაცობაა. რაზე ოცნებობს? დაკარგული ტერიტორიების და სხვა ქვეყნებში გადახვეწილი ქართველების დაბრუნებაზე  და კიდევ იმაზე, რომ მის შვილებს არ მოუნდეთ მუდმივად წასვლა ქვეყნიდან, რომელსაც ემსახურება.