პოლიტიკური შეთქმულება - ტულსი გაბარდის სკანდალური განცხადება 

ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის სკანდალური განცხადებები და ბარაკ ობამას მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნა – შეთქმულება, რომლის მიზანი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში რუსეთის ჩარევის ჩვენება იყო – ამ დასკვნამდე მივიდა ტულსი გაბარდი ცხრა წლის წინანდელი დოკუმენტების და შეფასებების შესწავლის შემდეგ. ამერიკელი მაღალჩინოსანი ამერიკის წინა პრეზიდენტსა და უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსნებს მოღალატეობრივ შეთქმულებაში და სადაზვერვო ინფორმაციის გაყალბებაში ადანაშაულებს. ობამას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნას არანაკლები რეზონანსი მოჰყვა საქართველოში. როგორ ცდილობს ე.წ. დიფ სთეითი არასასურველი პოლიტიკური ძალების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას პრორუსული იარლიყების გამოყენებით – ამის ახსნას ეთმობა პრემიერის დღევანდელი წერილი. მმართველი გუნდისთვის უსაფრთხოების სამსახურის პირველი პირის განცხადებები ე.წ. დიფ სთეითის მხილება და მისი გავლენების კიდევ ერთი დასტურია. ამ გზავნილს  სახელისუფლებო პროპაგანდად მიიჩნევს ოპოზიცია, რომლისთვისაც ამერიკელი მაღალჩინოსნების ლექსიკაში გაჩენილ „დიფ სთეითს“ სრულიად სხვა დატვირთვა აქვს.