პოლიტიკური პროცესების დაფინანსება საქართველოში – USAID-ის ფაილები
საქართველო, როგორც ფერადი რევოლუციების მაგალითი – იუესაიდის წარსულ საქმიანობაზე გამოქვეყნებული სტატია და გაუქმებული ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გასაჯაროებული მასალები ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად არის ქცეული.
კონკრეტულ ფაილებსა და მასალებში საუბარია, თუ როგორ იყენებდნენ წლების განმავლობაში ამერიკის ადმინისტრაციები საზღვარგარეთ ხელისუფლებების შესაცვლელად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, რომელიც მეორე ვადით არჩევისთანავე დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა, რეორგანიზაციის და პროგრამების დიდი ნაწილის შეჩერების შემდეგ კი საერთოდ ფუნქციონირება შეწყვიტა. როგორ და რა გზებით შემოდიოდა საქართველოში პოლიტიკური პროცესებისთვის სწორედ იუესაიდიდან სოლიდური თანხები, როგორ ინიღბებოდა რევოლუციების გეგმები სხვადასხვა პროგრამის სახელით, რა დაფინანსებას და დავალებებს იღებდნენ მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, იურისტები, საარჩევნო დამკვირვებლები-იუესაიდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტები მრავალწლიანი საქმიანობის დღემდე უცნობ დეტალებს ასაჯაროებს. ირკვევა, რომ გეგმის ნაწილი იყო სოციალური ქსელების მონიტორინგი, არასასურველი გვერდებისა და ანგარიშების წაშლა და მოქალაქეების ქცევა – განწყობებზე გავლენის მოხდენა – შესაბამისი დავალება კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ მიღებული.