პოლიტიკური მოთხოვნები ევროპული ორგანიზაციებიდან – შეფასებები თბილისში
ბრიუსელი და სტრასბურგი: ორი მძიმე შინაარსის ანგარიში ბოლო ერთ კვირაში – გზავნილები, ფორმულირებები, მოწოდებები და მოთხოვნები პრაქტიკულად იდენტურია.
ევროპარლამენტის შემდეგ ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე, დიქტატურის დამყარების საფრთხეზე, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და მედიის დევნაზე და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაზე ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიუთითებს. 83 ხმით გუშინდელ კენჭისყრაზე დამტკიცებულ დოკუმენტს, ისევე როგორც წინა კვირას ევროპარლამენტში რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადებული ანგარიშის მიღებას ოფიციალური თბილისი კოორდინირებულ ქმედებად აცხადებს. ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა, შანტაჟი, საერთაშორისო ნორმების დარღვევა, წითელი ხაზების გადაკვეთა – ბრიუსელიდან და სტრასბურგიდან გაჟღერებული მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლებისთვის სუვერენიტეტის დათმობის მოთხოვნად იკითხება და არცერთი მოწოდების გათვალისწინებას არ აპირებს. ხელისუფლების პირველი პირებისთვის რეზოლუციების ჩანაწერები პოლიტიკურად მიკერძოებული და ტყუილებით სავსე ტექსტებია, რაზეც მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას ოპოზიციასაც აკისრებს. ყველა მწვავე თემაზე დიალოგის განახლებისთვის მზადყოფნა ძალაში რჩება, თუმცა დიალოგამდე ქართული მხარე რამდენიმე პირობას აყენებს.