საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე 8-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ემანუელ მაკრონი ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშაა.
საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი კულმინაციას უახლოვდება. მაკრონის მიერ არჩეული პრემიერ მინისტრი წელს უკვე მესამედ გადადგა. სოციოლოგიური გამოკითხვების უმეტესობა კი აჩვენებს, რომ ფრანგ ამომრჩევლები პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს მაკრონის გადადგომაში ხედავენ. საფრანგეთის ლიდერს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისკენ ოპონენტ მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკურ ძალებთან ერთად, უკვე მისი ყოფილი თანაგუნდელებიც მოუწოდებენ. ექსპერტების მოსაზრებით, გახანგრძლივებული კრიზისი შესაძლოა ნეგატიურად აისახოს არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ევროზონის ეკონომიკაზეც.