პოლიტიკური კორუფცია და კულუარული შეხვედრები - ბრალდებები ენმ-ში

„ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტისა და კეზერაშვილის კვიპროსული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც პარტიის შიგნით დაპირისპირების გამწვავება მოჰყვა, კიდევ უფრო რეზონანსული აღმოჩნდა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კეზერაშვილთან ერთად შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები ესწრებოდნენ, თუმცა მათი ვინაობა არ გაუსაჯაროებია. ხაბეიშვილის ამ განცხადებამ არაერთი კითხვა გაუჩინა ნიკა მელიას, რომელიც პარტიის მოქმედი მენეჯმენტის პოლიტიკას ღიად უპირისპირდება. ყოფილი თავმჯდომარე კვიპროსში გამართულ კონსულტაციებს პოლიტიკურ ვაჭრობას უწოდებს და ხაბეიშვილისგან შეხვედრის მიზანზე განმარტებებს ითხოვს. განგრძობითი დაპირისპირების ფონზე, ცნობილი ხდება, რომ მელია-ხაბეიშვილის შერიგებას ახლა გიგი უგულავა და კობა ნაყოფია ცდილობენ, თუმცა რა შედეგით დასრულდება მათი ძალისხმევა, ჯერ-ჯერობით უცნობია.