პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში
სტრასბურგში გამართული კენჭისყრა პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი ხდება. ოპოზიცია ხელისუფლებას ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში ადანაშაულებს.
რატომ არ დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას მხარი – ეს ურთიერთბრალდებების და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა. ასამბლეაზე მიღებული დოკუმენტი, სადაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის მოხსენიებული, საქართველოსთვის მნიშვნელოვან აქცენტებსაც მოიცავს და რუსეთს უკრაინის გარდა სამხედრო ძალების გაყვანას საქართველოდანაც სთხოვს. ამავე რეზოლუციაში გაჩნდა მეოთხე შესწორების სახით ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტპატიმრის გათავისუფლების შესახებაც. მმართველი პარტიის არგუმენტი, რომ რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირა მხარი, ოპონენტების ნაწილისთვის არადამაჯერებელია.
იყო თუ არა შესაძლებელი რეზოლუციის დათქმით და კონკრეტული შესწორების გარეშე მხარდაჭერა – დღეს ამ კითხვაზეც ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები მოვისმინეთ.